ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ გადაიხდიან დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან გაზის საფასურს.
ამასთან, შეთავაზებული სქემა მოიაზრებს, რომ გაზპრომბანკი უცხოელი მყიდველებისთვის გახსნის ორ ანგარიშს: სავალუტო [ყველა ვალუტას ითვალისწინებს] და რუბლში. ფაქტობრივად მყიდველებმა უნდა გადმორიცხონ თანხა ევროში სავალუტო ანგარიშზე (ანუ ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ), ხოლო გაზპრომბანკი ამის შემდეგ თავად გადაცვლის თანხას რუბლზე, ეს პროცესი კი მოსბირჟაზე განხორციელდება. უკვე ამის შემდეგ თანხა რუბლის ანგარიშზე ჩაირიცხება.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული გაზის შესყიდვის შესახებ არსებული კონტრაქტები შეწყდება, თუ ისინი რუბლის გადახდაზე უარს იტყვიან.
"არავინ არაფერს მიყიდის უფასოდ. ჩვენ არც ქველმოქმედებას ვაპირებთ. ანუ არსებული კონტრაქტები შეწყდება", - ციტირებს პროსახელისუფბლებო მედიაგამოცემა რია ნოვოსტი რუსეთის პრეზიდენტს.
მანამდე, დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან.
"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - თქვა გერმანიის ეკონიმიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ.